Friday, February 7, 2014

ფერეიდნელი ქართველების - ონიკაშვილისა და ხუციშვილის ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან 1907-1910 წლებში


თენგიზ სიმაშვილი


ფერეიდნელი ქართველების  - ონიკაშვილისა და ხუციშვილის ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან
1907-1910 წლებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VIII, გამომცემლობა ,,მერიდიანი“ 2014, თბილისი

ქართულ ისტორიოგრაფიაში ბევრი რამ შეუსწავლელია ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. როგორც ირკვევა, ქართული ისტებლიშმენტის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში დაინტერესებული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ კომპაქტურად მცხოვრებ ქართველებთან კავშირ-ურთიერთობის დამყარებით. თუმცა, მათი ინტერესი სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარეობდა. იაკობ გოგებაშვილის, სამსონ ფირცხალავას, ზაქარია ჭიჭინაძის, გიორგი ლასხიშვილის და სხვა თანამედროვეების მოგონებებიდან ჩანს, რომ 1907 წელს საქართველოში ორი ფერეიდნელი ქართველი - ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი  ჩამოვიდნენ.
*(ონიკაშვილის და ხუციშვილის საქართველოში ჩამოსვლის და აქ ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ  საინტერესო წერილი აქვს მიძღვნილი გიორგი მახარაძეს. მისი ინფორმაციით, ისინი საქართველოში პირველად 1896 წელს ჩამოსულან,  ხელმეორედ კი - 1907 წლის იანვარში. გ. მახარაძის  მოძიებული მასალების მიხედვით, ისინი ჯერ ცნობილ საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძესთან დაუბინავებიათ, შემდეგ კი მათთვის უმასპინძლია მღვდელ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილს. [გიორგი მახარაძე. პირველი ფერეიდნელები, რომლებმაც წინაპართა სამშობლო მოინახულეს. ჟურნალიგზა”. 3(397) 17-23 იანვარი, 2008]
          “ქართველთ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” უკისრია მათი პატრონობა. იაკობ გოგებაშვილი წერს: ,,წერა-კითხვის საზოგადოებამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ ძვირფასი სტუმრების ბედში. გადასდო საკმარისი ფული მათ შესანახად, დაუნიშნა მასწავლებლად საუკეთესო ქართველი პედაგოგი რომელმაც სამიოდე თვის განმავლობაში საფუძვლიანად შეასწავლა ქართული წერა-კითხვა, გააცნო ზედმიწევნით ქართული.’’ [იაკობ გოგებაშვილი, პატარა საქართველო სპარსეთში (ისტორიული მოთხრობა) http://www.urakparaki.com/?m=13&Forum=20&Theme=297&st=20)]
იმდროინდელი ქართული საზოგადოების ეროვნულ ნიადაგზე მდგომ პირებს ონიკაშვილი და ხუციშვილი დაჰყავდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, უმართავდნენ საღამოებს და აამბობინებდნენ ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ცხოვრების შესახებ. (სურათი)
როგორც ჩანს, ქართული სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წამყვანი წევრებიც დიდ დაინტერესებას იჩენდნენ ამ ადამიანების მიმართ. დასახელებული პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი სამსონ ფირცხალავა, ასეთი მოგზაურობების დროს, ონიკაშვილს და ხუციშვილს ხშირად დაყვებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. [სამსონ ფირცხალავა, მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ სპარსეთში, http://www.ai-ia.info/online-arqivi/111-samson-pircxalava-mahmadiani-qartvelebi-saqartvelos-gared.htm]
*(სამსონ ფირცხალავა წერს - ,,ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მცხეთის სადგურზე მოულოდნელად შევეჩეხეთ ილიას - ის ალბათ საგურამოდან თბილისში მოდიოდა. ილია ბუფეტიდან გამოდიოდა, ჩვენ ბუფეტში შევდიოდით. მივესალმე ილიას. იგი ყურადღებით ჩააცქერდა ჩემს თანამგზავრებს, მიხვდა, ვინც იყვნენ, შევატყვე, უნდოდა მათთან გამოლაპარაკება, მაგრამ მე რატომღაც უხერხულად მივიჩნიე გაჩერება და მაშინვე ბუფეტში შევედი ჩემი თანამგზავრებით.
მალე ვიგრძენი ჩემი შეცდომა და საყვედური ვუთხარი ჩემს თავს. რატომ ვიყავი ასე ტლანქი, ვერ გამოვიჩინე უბრალო ზრდილობა და თავაზიანობა და არ მივეცი საშუალება მოხუცს, დამსახურებულს მოღვაწეს, დიდს პოეტსა და მამულიშვილს დამტკბარიყო ცოტა ხანს მაინც საქართველოს მოწყვეტილ ქართველებთან შეხვედრით და საუბრით? რატომ? იმიტომ, რომ ილია ვითომც «მემარჯვენე» იყო და მე ჩემი თავი «მემარცხენედ» მიმაჩნდა?[სამსონ ფირცხალავა ,,ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გარშემო’’(http://www.ireporter.ge/ilia-tchavtchavadzis-gardatsva/)]
ზემოდასახელებულ თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, ხუციშვილისა და ონიკაშვილის ჩამოსვლის მიზანი და ერთადერთი სურვილი იყო ,,აქაურ ქართველობას როგორმე მუდმივი კავშირი ჰქონოდა სპარსეთის ქართველებთან, რომ იქ ფერეიდანში ქართული სკოლა გახსნილიყო და იქიდან ჩამოეყვანათ რამდენიმე ყმაწვილი აქ, საქართველოში აღსაზრდელად და მოსამზადებლად“. ფერეიდანში უკან დაბრუნებულ ონიკაშვილსა და ხუციშვილს თან გაატანეს ,,დედა-ენა“ და სხვა ქართული  სახელმძღვანელოები. ზოგიერთი ცნობის მიხედვით მათთვის გაუყოლებიათ მასწავლებელიც, მაგრამ საზღვარზე გადასვლისას ყაჩაღები დასხმიან თავს,  მასწავლებელი დაუჭრიათ და იგი უკან დაბრუნებულა. ის გეგმა, რომ ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ სახელით გაეხსნათ პირველი ქართული სკოლა, ჩაშლილა. ამასთან, თეირანში გულის ავადმყოფობით გარდაცვლილა ხუციშვილი.
ფერეიდნელი ქართველების შემდგომი ბედის შესახებ, ზემოდასახელებულ თანამედროვეებთან მწირ მასალას ვხვდებით.  გ. ლასხიშვილის ინფორმაციით - ,,ერთი მათგანი რამოდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაბრუნებულა საქართველოში, მაგრამ ყოველი გეგმა კავშირის დაჭერისა და იქ ქართული სკოლის დაარსებისა, სრულ დავიწყებას მიეცა.” [გიორგი ლასხიშვილი, მემუარები, (http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=902)
ს. ფირცხალავას სიტყვებით -  ,,ონიკაშვილი დიდხანს ელოდა აქედან კაცის ჩასვლას და სკოლის გამართვას და რაკი ვერაფერს ეღირსა, მეორედ ჩამოვიდა.” მისი მოგონებების მიხედვით, საქართველოში კვლავ ჩამოსული ონიკაშვილი (1910 წელი) დაუპატიმრებიათ და 7 თვეს ციხეში მჯდარა, შემდეგ რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან გაუძევებიათ, ირანში დაბრუნებულა და სავარაუდოდ მალევე გარდაცვლილა. [სამსონ ფირცხალავა ,,ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გარშემო’’(http://www.ireporter.ge/ilia-tchavtchavadzis-gardatsva/)]
ფერეიდნელი ქართველების საქართველოში ჩამოსვლა და მათი ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა არ გამოეპარა მეფის საიდუმლო პოლიციას - თბილისის “ოხრანკის” განყოფილებას. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილებას ონიკაშვილისა და ხუციშვილის შესახებ ინფორმაციებს სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ,,ოხრანკის“ საიდუმლო აგენტები აწვდიდნენ. 
 სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის შესახებ საიდუმლო ცნობების მიმწოდებელი აგენტის - დიმიტრი ჯაშის, აგენტურული მეტსახელით ,,სლუჩაინის“ მოხსენებებში გვხვდება ვრცელი, დეტალური ინფორმაცია სოციალისტ-ფედერალისტების პარტიული კონფერენციებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  ასევე გვხვდება დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია, რომ დასახელებული პარტიის მიზანს წარმოადგენდა დაემყარებინათ კავშირი თურქეთსა და ირანში, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 95, აღწერა 1, საქმე 48]
ჯაში - “სლუჩაინის” 1910 წლის დასაწყისში მიწვდილ ერთ-ერთ ,,აგენტურულ ცნობაშისაუბარია სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის იმ პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ, რის საშუალებითაც ეს პარტია  ცდილობდა ირანსა და თურქეთში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მუსულმანებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას. ჯაში-,,სლუჩაინის“ ინფორმაციით ქართველების რაოდენობა  თურქეთში 200000, ხოლო ირანში 300000-400000 ადამიანს აღწევდა. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 95, აღწერა 1, საქმე 48, გვერდი 83] აქვე ვკითხულობთ: “რუსი ქართველების სპარსელ ქართველებთან ურთიერთობა დაიწყო ჯერ კიდევ 1907 წელს, როდესაც ისპაჰანის ადგილიდან - გურჯისტანიდან (იგულისხმება ფერეიდანი. ავტ.) თბილისში ჩამოვიდნენ კოლა-მრეზი ხუციშვილი და კოლა-ჰუსეინ ონიკაშვილი. ჯაში - “სლუჩაინი” აღნიშნავს, რომ ონიკაშვილსა და ხუციშვილს თბილისში შეუსწავლიათ ქართული ენა (რელურად საქართველოში მათ შეისწავლეს ქართულად წერა-კითხვა. ავტ.) და გაცნობიან სოციალისტ- ფედერალისტური პარტიის მიზნებს. (დოკუმენტი 1)
ჯაში - “სლუჩაინის” ამ ,,აგენტურულ ცნობაში’’ მითითებულია, რომ ხუციშვილი დაბრუნდა სამშობლოში და დააარსა ,,სპეციალური ბიურო“ – “რომელსაც თავის მიზნად დაუსახია გურჯისტანი (ფერეიდანი. ავტ.) ქართული სკოლების ქსელით დაეფარა, რათა ამ გზით მოემზადებინათ ნიადაგი პროპაგანდისათვის ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ... ბიუროს მოვალეობაა თბილისში მივლინება განსაკუთრებულ-უნარიანი ახალგაზრდების - სპარსელი ქართველებისა, რათა მათ შეისწავლონ მშობლიური ქართული.”
 როგორც ზემოთ განხილული მასალებიდან ჩანს, სოციალისტ-ფედერალისტური პარტია დაინტერესებული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემაულეების ბედით და საკმაოდ შორს მიმავალი გეგმებიც გააჩნდა. ცხადია, ამ პარტიის აქტიური საქმიანობა არ შედიოდა რუსეთის საიდუმლო პოლიციის ინტერესებში და 1910 წელს, ჯაში-,,სლუჩაინის“ და სხვა აგენტების საქმიანობამ შედეგი გამოიღო, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერები და წამყვანი წევრების უმეტესობა, მათ შორის ს. ფირცხალავა, გ. ლასხიშვილი და სხვები დაპატიმრებულ იქნენ. [თენგიზ სიმაშვილი, თბილისის ,,ოხრანკის განყოფილების აგენტი დიმიტრი ჯაში და სოციალისტ-ფედერალისტები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, თბილისი, გამომცემლობა, ,,მერიდიანი“ 2012]
საარქივო მასალების მიხედვით, დაახლოებით იმავე დროს, 1910 წლის მაისში დაპატიმრებული იქნა საქართველოში დაბრუნებული ფერეიდნელი ქართველი ონიკაშვილი. მისი დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს მასალებში. კერძოდ, სამმართველოს უფროსის, პესტრულინის მოხსენებაში, რომელიც ეხება სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერებისა და სხვა აქტიური წევრების დაპატიმრებას. მოხსენებაში მოცემულია ცნობები მათი საქმიანობის  შესახებ. ამ ცნობებში კი ონიკაშვილის შესახებაცაა საუბარი.  დოკუმენტის მიხედვით, 1910 წლის 4 მაისს - “საქმიანი მონაწილეობისათვის სპარსეთში აგიტაცია-პროპაგანდაში, სპარსეთის ქვეშევრდომი ისპაჰანის მხარის, ფერეიდანის ოლქის, სოფელ მარტყოფის (ახორაბალი) ქართველი გლეხი კოლაგალ ჰუსეინ მაგომეთ-ოღლი ონიკაშვილი, 35 წლის, გაჩხრეკილ და დაპატიმრებულ იქნა დუშეთის მაზრაში.” [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე 1834, გვერდი 1,9]
ამ დოკუმენტის ავტორს სავარაუდოდ აგენტ ჯაში-“სლუჩაინის” მიწვდილი ინფორმაციითაც უსარგებლია, რადგან თითქმის სიტყვა-სიტყვით მეორდება ინფორმაცია, რომ “ონიკაშვილი ჯერ კიდევ 1907 წელს სპარსელ ქართველ კოლა-რეზამ ხუციშვილთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, სადაც შევიდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრებთან ახლო ურთიერთობაში”. აქვე მეორდება, რომ ონიკაშვილსა და ხუციშვილს “ქართველ სპარსელებში უნდა გაეტარებინათ იდეა სპარსელ, თურქ და რუსი ქართველების” მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ. ამ დოკუმენტებში ონიკაშვილისა და ხუციშვილის ქართულად წერა-კითხვის მასწავლებლებად დასახელებული არიან სამსონ ფირცხალავა და ლუარსაბ ბოცვაძე. მითითებულია, რომ ირანში დაბრუნებულმა ზემოდასახლებულმა ფერეიდნელმა ქართველებმა სპარსეთში ქართული სკოლების დაარსება დაიწყეს.  
ამასთან, 1910 წლის მაისში საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ 1909 წელს გარდაიცვალა ხუციშვილი და არა ონიკაშვილი. ირკვევა ისიც, რომ მათ უკვე მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია 1910 წლის მარტში ონიკაშვილის უკან დაბრუნების შესახებ. საქართველოში ონიკაშვილის დაბრუნების მიზეზად დასახელებულია ,,სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ინიციატივა - სპარსეთში, თურქთში და რუსეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი კონგრესის მოსამზადებლად.’’ აღნიშნულია, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად ონიკაშვილი სხვა ფედერალისტებთან ერთად საქართველოდან თურქეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ 1910 წლის 4 მაისს დაპატიმრებულ იქნა დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარში.  
  როგორც სხვა მასალებიდან გაირკვა - ფერეიდნელი ქართველები, ხუციშვილი და ონიკაშვილი, ჯერ კიდევ 1907 წელს საქართველოში ჩამოსვლისას, გარკვეული დროის განმავლობაში, დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარშიც ცხოვრობდნენ. ვახტანგ გიორგის ძე წინამძღვრიშვილის ხელნაწერის “მოგონებები ილია ჭავჭავაძის შესახებ” მიხედვით, რომელიც ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდში მოვიძიეთ, მათი ოჯახი ე.წ. “მესამედასელთა” შეკრების ადგილს წარმოადგენდა.
*(ალექსანდრე კოჭლავაშვილი მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში, მათ შორის 1952-1953 წლებში იყო სსსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 1941 წლის 23 მაისიდან 6 აგვისტომდე მუშაობდა სსსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის უფროსად. ამ დროს რამოდენიმეჯერ დაკითხული ჰყავს გიგლა ბერბიჭაშვილი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სხვა თემატიკასთან ერთად 1950-1960-იან წლებში ნაყოფიერად მუშაობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მასალებზე.)
ოჯახს  ხშირად სტუმრობდნენ ისიდორე რამიშვილი, ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანია და სხვა სოციალ-დემოკრატები. მოგონებების ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ მათთან იმალებოდნენ “ირანიდან ფარულად ჩამოსული ქართველი ძმები ონიკაშვილები”. ვ. წინამძღვრიშვილი წერს - “ფერეიდნელი ქართველების მათ ოჯახში ყოფნა გაიგო სოფელ ახატნის პრისტავმა საშა ნათიშვილმა და მისი მამა გააფრთხილა - “ვიცი ონიკაშვილები თქვენთან იმალებიან, რაც სახიფათოა როგორც მათთვის, ასევე თქვენთვის და აქედან წავიდნენო.” ვ. წინამძღვრიშვილის სიტყვებით, ისინი ,,მართლაც გაემგზავრნენ და ერთი მათგანი ბაქოში (თეირანში. ავტ.) გარდაცვლია.” [საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, წინამძღვრიანთკარის მცხოვრებლების მოგონებები].
ალ. კოჭლავაშვილის ფონდში არსებულ სხვა დოკუმენტში, კერძოდ პავლე წინამძღვრიშვილის 1958 წელს დაწერილ მოგონებაში,  აღნიშნულია, “ვახტანგის (ვ. წინამძღვრიშვილი) მამა გიორგი იყო ილია წინამძღვრიშვილის ბიძა და “ირანიდან ჩამოსული ძმები ონიკაშვილები ერთხანს თავს ინახავდნენ გიორგის ოჯახში.” [საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, წინამძღვრიანთკარის მცხოვრებლების მოგონებები, #27433]
ახლად მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 1910 წლის გაზაფხულზე ირანიდან საქართველოში დაბრუნებული ონიკაშვილის როლი, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. კერძოდ, 1908-1914 წლებში დუშეთის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის ხელმძღვანელის, 1905-1921 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრის, გიორგი ტატიშვილის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებები საკმაოდ საინტერესო მასალებს შეიცავენ ამ საკითხთან დაკავშირებით.
*(გვინდა აქვე მივუთითოთ, რომ გიორგი ივანეს ძე ტატიშვილი(ტატიაშვილი) იყო ის პირი ვინც სოციალ-დემოკრატიული პარტიის დავალებით ,,იძიებდა“ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეს და ცდილობდა ამ პარტიისგან აეცილებინა ილიას მკვლელობაში მათი ტერორისტების მონაწილეობის კვალი. ამ საკითხს სხვა კვლევაში შევეხებით. ავტ.)
 გ. ტატიშვილი ერთ-ერთ თავის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებაში, სათაურით ,,კოლია ონიკაშვილი პერსია“ სულ სხვაგვარად აღწერს იმ პერიოდში ხუციშვილის და ონიკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის რეალურ მიზეზებს. (დოკუმენტი 2) [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდი 3-4] მისი სიტყვებით, 1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ, სოციალ-დემოკრატი ,,წითელ რაზმელები“ იძულებული გახდნენ წასულიყვნენ თურქეთსა და ირანში დაწყებულ რევოლუციებში მონაწილეობის მისაღებად. სხვა მოგონებაში, ,,ციმბირიდან გამოპარვა“, ტატიშვილი თავის თავს ასახელებს გორისა და დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის პასუხისმგებელ პირად. აღნიშნავს, რომ, სწორედ მას ევალებოდა ირანში რევოლუციონერების გაგზავნის ორგანიზება. მისი სიტყვებით - ,,1908 წლის ივნისში 5 რიცხვიდან ცენტრალურმა კომიტეტმა გორიდან დუშეთის მაზრაში გამიყვანა მაზრის კომიტეტად და დამავალეს: 1. აღმედგინა დაშლილი პარტიული ორგანიზაციები; 2. წითელ რაზმელი ტერორისტები, რევოლუციონერი ხელმძღვანელები თავიანთი იარაღებით დიდი სიფრთხილით პერსიაში გამეგზავნა რევოლუციონერებთან სათარ-ბეგ-ხანთან დასახმარებლად ...;  3. ყველაზე დიდი სახიფათო იყო პოეტ ილია ჭავჭავაძის ვერაგულად მკვლელების აღმოჩენა. სასტიკი დავალება - ორში ერთი ან სიკვდილი ან შესრულებაო, ასეთი იყო თბილისის კომიტეტის დავალება ყოველთვის.“ [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34]  
ალ. კოჭლავაშვილის ფონდში მოვიძიეთ გიორგი ტატიშვილის 1958 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული წერილი, სადაც იგი აკონკრეტებს, რომ 1908 წლის ივნისში, გორში წავიდა ვ. ცაბაძის მითითების თანახმად, რათა განეიარაღებინა იქ მოქმედი ,,წითელ რაზმელები.’’ ამ დავალების შესრულების შემდეგ, გ. ტატიშვილი უკვე თბილისის კომიტეტის დავალებით წასულა დუშეთში და იქაც განუიარაღებია ,,წითელ რაზმელები’’ და მათი ნაწილი სპარსეთში გაუგზავნია. [საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, გიორგი ტატიშვილის ხელნაწერი, 48ხ]
გ. ტატიშვილი,  სხვა, ასევე გამოუქვეყნებელ დოკუმენტში - 1949 წელს სსსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე სსსრ პროკურორის თანაშემწის სახელზე გაგზავნილი განცხადებაში, სათაურით ,,წერილი საგურამოდან“,  კვლავ იმეორებს ზემოაღნიშნულს, და წერს, რომ დუშეთის მაზრაში მისი ჩასვლის და შეხვედრის  შემდეგ, ,,წითელ რაზმელების“ ხელმძღვანელებმა ტერორისტების ნაწილს მისცეს ფული, პასპორტები და ,,პერსიაში გაისტუმრეს“. ასევე მოქცეულა ცნობილი ტერორისტი და ადგილობრივი ,,წითელი რაზმის“ უფროსი ილიკო იმერლიშვილიც, რომელმაც მისი სიტყვებით - ,,6 კაცი დაიტოვა და დანარჩენი თავშესაფრად გააგზავნა დროებით.“ გ. ტატიშვილი სხვა მასალებშიც ადასტურებს, რომ სწორედ იგი უზრუნველყოფდა დუშეთის მაზრიდან ირანში რევოლუციონერების და ,,წითელ რაზმელების“  გაგზავნას. [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 303, აღწერა 1, საქმე 1059, გვერდი 1-14]   
გ. ტატიშვილის მიხედვით, მას ამ საქმეში ქმედით დახმარებას უწევდნენ - ,,პერსიაში გატაცებული გამაჰმადიანებული ქართველები კოლია ონიკაშვილი და ფედო ხუციშვილი.’’  [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34]   ტატიშვილი სხვაგან წერს, რომ ონიკაშვილი და ხუციშვილი საქართველოში 1907 წელს ჩამოვიდნენ და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა ,,ბევრგან მიიწვიეს, შესახვედრი საღამოები გაუმართეს“, მაგრამ ,,მათი მიზანი და დავალება სულ სხვა იყო.“ [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტარატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდი 3-4]  მისი სიტყვებით, ონიკაშვილი და ხუციშვილი, ირანში დაწყებული რევოლუციის მეთაურებმა სათარ-ხანმა და ბაგირ-ხანმა გამოგზავნეს. მათ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტთან და ამხანაგ სტალინთან, სერგო ორჯონიკიძესთან დადეს ხელშეკრულება, რომ ,,აქედან იარაღით და ,,წითელ რაზმელებით“ და ხელმძღვანელი რევოლუციონერი ამხანაგები გაეგზავნათ და დახმარებოდნენ.“ აქვე ვკითხულობთ: ,,ონიკაშვილის და ხუციშვილის ხელმძღვანელობით დიდი საიდუმლოებით იგზავნებოდა იარაღი, რევოლუციის ხელმძღვანელები და ,,წითელ რაზმელები“ პერსიაში“.  როგორც ჩანს, რევოლუციის ხელმძღვანელებში ტატიშვილი გულისხმობდა სერგო ორჯონიკიძეს და ვლასა მგელაძეს, ვისაც იგი ირანში წასული სოციალ-დემოკრატების ,,წითელი რაზმების“ ხელმძღვანელებად ასახელებს. [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტარატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 48, გვერდი 1-16]   
გ. ტატიშვილის ცნობებით, დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმების“ წევრების, ტერორისტების გაგზავნის ცენტრი, სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა - ,,რევოლუციის გაუტეხელი ციხე და მთავარი შტაბი და ჩვენი თავშესაფარი იყო.“ [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტარატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34]
  მისი ერთ-ერთი მოგონების მიხედვით, წინამძღვრიანთკარის სკოლას 1910 წლის 10 თებერვალს(?!) ღამის 12 საათზე,  მცხეთის ბოქაული ქუმსიაშვილი, ,,ერთი ასეული ყაზახებით ჟანდარმ-ჯაშუშები  და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების უფროსი საშა(შაშა) ნათიშვილი“ თავს დასხმიან. გ. ტატიშვილს მიმალვა მიუსწრია, მაგრამ სკოლის გამგის ოჯახში სძინებია  - ,,ფედო ხუციშვილის ამხანაგ კოლია ონიკაშვილს“, რომელიც მაშინვე დაუპატიმრებიათ და დუშეთის ციხეში ჩაუსვიათ. სკოლიდან წაუღიათ დიდძალი არალეგალური ლიტერატურა, პროკლამაციები, წიგნები. ტატიშვილი წერს, რომ როდესაც ბოქაულმა ქუმსიაშვილმა გაიგო, რომ, ,,ონიკაშვილი იყო პერსიიდან და აქედან ,,წითელ რაზმელებს“ და იარაღს პერსიაში აგზავნიდა,  უთქვამს - ჩვენ შენ დიდი ხანია გეძებთო და ახლა შენ და შენს ამხანაგებს გაზღვევინებთო.“ [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდი 3-4]
ამის შემდეგ ონიკაშვილის კვალი დაუკარგავთ - ,,ონიკაშვილი დუშეთის ციხეში დიდხანს ყავდათ და მერე რა უყვეს არ ვიცი - წინათ როცა წავიდოდა პერსიაში იწერებოდა ხოლმე.“ (დოკუმენტი 3) [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34]  
ონიკაშვილის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მოკავშირის როლს ადასტურებს, გ. ტატიშვილის სხვა გამოუქვეყნებელი მოგონება სათაურით ,,პერსიის რევოლუციის ხელმძღვანელი კოლია ონიკაშვილის დაპატიმრება წინამძღვრიშვილის სკოლაში.“ [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდი 3-4]   ამ და სხვა მოგონებაში იგი უთითებს, რომ იმ დროს იყო ,,დუშეთის მაზრის ს.დ. პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ მაშინვე ... დუშეთის მაზრის კომიტეტის კრებაზე გადავწყვიტეთ ბოქაულ ქუმსიაშვილის და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების უფროსის საშა ნათიშვილის სიკვდილი. ერთად ეს დავალება მივეცით მცხეთის რაიონის წითელი რაზმის უფროსს ამხ. იმერლიშვილს, რადგან ეს სკოლა და მოხდენილი ონიკაშვილის დაპატიმრება, დაღუპვა იმის რაიონში საგურამოში მოხდა. წითელი რაზმის უფროსმა იმერლიშვილმა დავალება კარგად შეასრულა. ბოქაული ქუმსიაშვილი დაიჭირა. ბაზალეთის ტყეში მოკლეს და მკვდარი ცეცხლში დაწვეს, ეს მთელი დუშეთის მაზრის ხალხმა იცის.” [საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2,  საქმე 10, გვერდი 31]
        ამრიგად, ჩანს ონიკაშვილი მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო ფიგურა იყო სოციალ-დემოკრატებისათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ის სისატიკე, რითაც ილიკო იმერლიშვილი გაუსწორდა მის დამტუსაღებელს.
       გვინდა აქვე დავამატოთ, რომ არა მარტო გიორგი ტატიშვილის, არამედ დუშეთის მაზრაში იმ დროს მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის სხვა წევრებისა და ,,წითელ რაზმელებისმოგონებებში მითითებულია, რომ საგურამოს რაიონში მოქმედებდა ილიკო იმერლიშვილის ,,წითელი რაზმი“.
*(1936 წლის შემდეგ, როდესაც ლავრენტი ბერიას მითითებით პარტიული ფუნქციონერი კოტე გორდელაძე იწყებს ილიას მკვლელობის შესახებ მასალების შეგროვებას, სოციალ-დემოკრატი გიორგი ტატიშვილი და სხვები აღარ ახსნებენ რომ ილიკო იმერლიშვილი იყო საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმისუფროსი. მიზეზი უკვე გარკვეულია - ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილე სწორედ ადგილობრივი ,,წითელი რაზმის“ უფროსი ილიკო იმერლიშვილი, მეტსახელით ,,იმერელი“ იყო. [უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, გამომცემლობა ,,მერიდიანი“ 2012, თბილისი]  http://simashvili.blogspot.com/search?updated-min=2012-01-01T00:00:00-08:00&updated-max=2013-01-01T00:00:00-08:00&max-results=3 )
დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით ილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმში“ შედიოდა გიგლა ბერბიჭაშვილიც. მასალები პირდაპირ ადასტურებენ, რომ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და პავლე ფშავლიშვილი ერთობლივად ჩადიოდნენ მკვლელობებს, ფულის გამოძალვას, ადამიანების გატაცებას და სხვა სახის დანაშაულებებს 1907-1910 წლებში.  დოკუმენტებუს გარდა ზემთ დასახელებული პირების ერთ ბანდაში თუ “წითელ რაზმში” ყოფნის ფაქტს ადასტურებს, ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის მიერ მოძიებული, დაახლოებით 1908-1909 წლებში გადაღებული ილიკო იმერლიშვილის “წითელ რაზმელების”  ერთობლივი ფოტოსურათი, რომელთა რიგებში დიდი ალბათობით გიგლა ბერბიჭაშვილიცაა. [ნოდარ გრიგალაშვილი, ერთი უნიკალური ფოტოს გამო, 24 საათი, 26 ივნისი, 2012 წელი]
გიორგი ტატიშვილის 1933 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, გიგლა ბერბიჭაშვილი დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი და ,,წითელ რაზმელი“ იყო: ,,დუშეთის მაზრის ერთ-ერთ სოფელში .... კომიტეტის სახელით რამოდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა ფულის გამოძალვა დაუწყო გლეხებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დავალებით მათი დაჭერა ... დაეკისრათ ლავრენტი ასათიანს, გიგლა ბერბიჭაშვილს, სანდრო მამულაშვილს და სანდრო ოძიშვილს.’’ (დოკუმენტი 4) [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, 9ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი) ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 858, გვ. 8]
გიგლა ბერბიჭაშვილის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელის“ საქმიანობა დასტურდება სხვა დოკუმენტებითაც. მაგალითად, 1933 წლის 15 მარტს დაწერილ სანდრო მამულაშვილის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: ,,ჩვენში მოდიოდნენ ხელმძღვანელი რევოლუციონერი ამხანაგები ისიდორე რამიშვილი, შაქრო უზნაძე, ლავრენტი ასათიანი და შემდეგ გიორგი ტატიშვილი, არსენ წითლაძე, ადგილობრივი სოფლიდან კოლა ოძიაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები. ვმუშაობდით რ. ს. დემოკრ. მუშათა პარტიის ხაზით ... სოფელ წინამძღვრიანთკარის სასწავლებელში ფერმის თავზე კრება მოიწვიეს მთელი საგურამოს რაიონის ასისთავების და პარტიული ხელმძღვანელების საერთო კრება ... მეორე დღეს დუშეთიდან სტრაჟნიკების ურიადნიკი ვასილა მოვიდა ჩვენს სოფელში კაზაკებით. დამიჭირა და გიგლა ბერბიჭაშვილს და სანდრო ოძიაშვილსაც ძებნა დაუწყეს სოფელში. თქვენ გუშინ სკოლის თავზე წინამძღვრიანთკარში კრებაზე იყავითო.“ [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, 9ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი) ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 166, გვ. 8]
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ილიას მკვლელობის საქმის გამოძიება თავის მხრივ, სწორედ გიორგი ტატიშვილს დაავალა, რომელიც 1936 წლის შემდეგ პერიოდში დაწერილ თავის მოგონებში უკვე უარყოფით კონტექსტში იხსენიებდა ივანე ინაშვილს, პავლე ფშავლიშვილს და გიგლა ბერბიჭაშვილს. გ. ტატიშვილი 1941-1942 წლებში გამართულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე ილიას მკვლელობაში გ. ბერბიჭაშვილის აქტიურ მონაწილეობაზე ჩვენებას ჩვენებაზე იძლეოდა. როგორც სასამართლოს მასალებიდან ჩანს, ის და სხვა პირები ყოველნაირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოსდა გ. ბერბიჭაშვილი ირანში არ იყო ნამყოფი.
  დღეს მოძიებული მასალების მიხედვით, სასამართლო პროცესის დროს დასმული კითხვა - იმყოფებოდა თუ არა გიგლა ბერბიჭაშვილი ირანში, შესაძლებელია ითქვას რომ დადებითადაა პასუხგაცემული. თვით გიგლა ბერბიჭაშვილის წინასწარი დაკითხვების საგამოძიებო ნაწილის უფროსი ალ. კოჭლავაშვილი  წერს: ,,შეიძლება ითქვას, რომ ბერბიჭაშვილი ირანში ნამდვილად ნამყოფი უნდა იყოს. ბერბიჭაშვილის ჩვენებებში მოცემულია მთელი რიგი ცნობები, რომლებიც მიგვითითებენ, რომ ამ ცნობების მფლობელი იმ მოვლენების თვითმხილველი იყო.’’  [საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, ბერბიჭაშვილი ირანში, #27432] მართლაც, გიგლა ბერბიჭაშვილის წინასწარი დაკითხვისას თუ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებია მისი ირანში ყოფნის შესახებ. და რაც მთავარია - როგორც მისი ჩვენებებიდან ირკვევა იგი ფერეიდანში ცხოვრობდა გარკვეული დროის განმავლობაში!
მაგალითად, გიგლა ბერბიჭაშვილის 1941 წლის 20 აგვისტოს წინასწარი დაკითხვის ოქმში (დაკითხავს კოჭლავაშვილი. ავტ.) გამომძიებლის - ალ. კოჭლავაშვილის შეკითხვაზე: ირანში ფერეიდნელ ქართველებს ხომ არ შეხვედრიხართ? ბერბიჭაშვილი თავიდან პასუხობს დადებითად, ხოლო შემდეგ კი უარყოფს. შემდეგ დღეებში დაკითხვებისას გ. ბერბიჭაშვილი რამოდენიმეჯერ კვლავ დადებითად პასუხობს კითხვას მისი ფერეიდანში ყოფნის შესახებ. (დოკუმენტი 5) ერთგან ასე ამბობს - ,,1908 წელს ისევ დავბრუნდი თეირანში დავრჩი იქ 1910 წლამდე. 1910 წელს ომი გაჩაღდა... თავი დავანებე ჯარს ავადმყოფობის გამო და გადავედი ფერეიდანში, სადაც ქართველების სოფლებია. იქ დავრჩი 1917 წლამდე.“ [საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილებაფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გიორგი პლატონის (პეტრეს) ძე ბერბიჭაშვილის  ბრალდების საქმე მწერალ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში]
და აქ ისმება ლოგიკური კითხვა რატომ ფერეიდანში? ვინ იყო გიგლა ბერბიჭაშვილისათვის იქაურ ქართველებში მასპინძლის მისამართის მიმცემი? რეკომენდაციის გამწევი? იქნებ ეს იყო ფერეიდნელი ონიკაშვილი, რომელიც 1910 წელს, სწორედ საგურამოში, წინამძღვრიანთკარში, დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე, სადაც გ. ბერბიჭაშვილი სხვა სოციალ-დემოკრატ ,,წითელ რაზმელებთან“ ერთად ,,მოღვაწეობდა“ შეხვდა ბერბიჭაშვილს და სხვა ტერორისტების მსგავსად ისიც ,,დააკვალიანა“ ირანში გადასასვლელად.
ამრიგად, როგორც ზემომოყვანილი მასალებიდან ჩანს ონიკაშვილს ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების გარდა, დიდი ხნის კავშირი ჰქონდა სოციალ-დემოკრატებთან, და როგორც ვნახეთ, იგი  მათი ერთგული მოკავშირე და ,,წითელ რაზმელების“ ირანში გაგზავნის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. ამასთან, ეს მასალები გვიჩვენებენ თუ რა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოში მოქმედ პარტიებს, საქართველოს გარეთ კომპაქტურად მცხოვრები ქართველებისადმი - თუ სოციალისტ-ფედერალისტების მიზანი იგივე ფერეიდანში ქართული სკოლების გახსნა, ადგილობრივ ქართველებთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობის დამყარება იყო, სოციალ-დემოკრატებისათვის ფერეიდნელ ქართველებთან კავშირი იყო გზა ირანში გადასასვლელად და იქ რევოლუციური საქმიანობის გასაგრძელებლად.
     
P.S.

მოძიებული მასალების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში სოციალ-დემორატიული პარტიის ტერორისტები არა მარტო ირანში, არამედ თურქეთშიც ,,მოღვაწეობდნენ“, რაც მომავალ კვლევებს ითხოვს.





No comments:

Post a Comment